შრომის ჰიგიენის განყოფილება

საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შრომის ჰიგიენის განყოფილებამ მიაღწია მნიშვნელოვან მეცნიერულ და პრაქტიკულ წარმატებებს, რის შედეგადაც საგრძნობლად გაუმჯობესდა მუშა-მოსამსახურეთა შრომის პირობები ქვეყნის წამყვან წარმოება-დაწესებულებებში.
ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის განყოფილებას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ და მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები _ პროფესორები: ა. ხმალაძე, ვ. კაციტაძე, მ. ყურაშვილი, ლ. ქვარცხავა, დოცენტი შ. კინწურაშვილი, მედ. მეცნ. კანდ. თ ჩიხლაძე და სხვ. 10 წელზე მეტია შრომის ჰიგიენის განყოფილებას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მედ. მეცნ. დოქტორი ვ. როყვა. მნიშვნელოვანია მისი წვლილი შრომის ჰიგიენის განვითარებაში. Mმის მიერ შესწავლილია საქართველოს საწარმოთა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და დადგენილია გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა კომპლექსები, შემუშავებულია ქვეყნის წამყვანი დარგების მუშათა შრომის და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები.
განყოფილების მეცნიერული კვლევების საფუძველზე შემუშავდა მრავალი პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითად დარგებში. შრომის ჰიგიენის აქტუალური პრობლემების დამუშავებასა და მათ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროფესორებმა: გ. კვანჭახაძემ, ა. ხეროდინაშვილმა, რ. კვერენჩხილაძემ, მედ. მეცნ. კანდ. ო. ჯანგავაძემ, მედ. მეცნ. კანდ. თ. ჩიხლაძემ.

განყოფილების პრიორიტეტული მიმართულებებია:
საქართველოს ეროვნული მეურნეობის წამყვან დარგებში დასაქმებულ პირთა შრომის პირობების შესწავლა, საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორების გავლენა მომუშავეთა ორგანიზმზე და მათი უარყოფითი მოქმედების თავიდან აცილება პრევენციის ახალი მეთოდების შემუშავებითა და დანერგვით.
აღნიშნული მიმართულებით შესწავლილია რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნების, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, სს ,,ჭიათურმანგანუმის”, ,,მადნეულის”, ,,კასპიცემენტის”, რუსთავის ,,აზოტის”, ქვანახშირის, დარიშხანის, ბარიტის, წარმოებების მუშათა შრომის პირობები. გამოვლენილია რისკის ფაქტორები, დადგენილია მათი სიდიდეები და შემუშავებულია მუშათა ორგანიზმზე უარყოფითი მოქმედების პროფილაქტიკის მეთოდები, რომლებიც თანმიმდევრულად ინერგება პრაქტიკაში. მათ შორის აღსანიშნავია:

• საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორების (ფიბროგენული აეროზოლების, მავნე ქიმიური ნივთიერებების, საწარმოო მიკროკლიმატის, საწარმოო ხმაურისა და ვიბრაციის, განათების, სითბური გამოსხივების) მოქმედების თავისებურებების დადგენა, ამ ფაქტორთა რეგლამენტებისა და ნორმატიული დოკუმენტაციის მომზადებით;

• საქართველოს მრეწველობის და სოფლის მეურნეობის წამყვან დარგებში (მეტალურგიული, მანქანათმშენებელი, საშენ მასალათა მრეწველობა, მადნეული და არამადნეული წიაღისეულის მოპოვება და გამოყენება, აზბესტის, დარიშხანის, თამბაქოს, ჩაის წარმოება, მეციტრუსეობა და მევენახეობა) დასაქმებულთა შრომის პირობების კომპლექსური ჰიგიენური შეფასება, საწარმოო ფაქტორების, ბუნებრივ-კლიმატური პირობების და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად მომზადებულია საფუძვლები შრომის პირობების ოპტიმიზაციისათვის, სამუშაო გარემოს ნეგატიური მოქმედების ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

განყოფილების თანამშრომლების მიერ 1998-1999 წლებში წარმატებით შესრულდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული გრანტული პროექტი ,,ტყვიის საწარმოო ზემოქმედების პროფილაქტიკა”.
განყოფილებაში დადგენილია სამუშაო ზონის ჰაერში, მტვერში და კანის საფარზე მავნე ქიმიური ნივთიერებების განსაზღვრის 50-მდე ახალი მეთოდი, რომლებიც გამოიყენება როგორც საქართველოში, ისე დსთ-ის სივრცეში.
განყოფილება აქტიურად მონაწილეობს ინსტიტუტის სამეცნიერო_პრაქტიკულ საქმიანობაში შემდეგი მიმართულებებით: _ შრომის პირობებს, პროფესიასა და ზოგად და პროფესიულ დაავადებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა; _ მავნე ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზღვრულად დასაშვები დონეების და კონცენტრაციების განსაზღვრა. ინსტიტუტის მუშაობაში განყოფილების აქტიური თანამონაწილეობის შედეგად:

_საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითად დარგებში მკვეთრად გაუმჯობესდა შრომის პირობები;
_ საგრძნობლად შემცირდა ზოგიერთი პროფესიული დაავადებისა და მწვავე ინტოქსიკაციების რიცხვი, მძიმე, მაინვალიდებელი ფორმის პროფესიული ინტოქსიკაციებისა და დაავადებების სიხშირე.
განყოფილების სპეციალისტების მიერ შესწავლილი იყო საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი საწარმოების მუშაკთა შრომის პირობები, დადგენილია პროფესიულ ფაქტორთა სპექტრი და მათი განვითარების მექანიზმები. კერძოდ შესწავლილია სამთამადნო (გ. გაბუნია, ლ. ქვარცხავა), მეტალურგიული (მ. ყურაშვილი, თ. ჩიხლაძე), მანქანათმშენებლობის (ვ. როყვა) და საშენ მასალათა მრეწველობის (რ. კვერენჩხილაძე, ვ. მატატაშვილი), ტეშენიტის წარმოების (ი. ჩიქოვანი), სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების: თამბაქოს წარმოება (ზ. ზირაქიშვილი, გ. კვანჭახაძე), ნატურალური აბრეშუმის წარმოება (ა. ხეროდინაშვილი, გ. ჩინჩალაძე), ჩაის წარმოება (ო. ჯანგავაძე), მეციტრუსეობა (ა. მინდორაშვილი) მუშაკთა შრომის ჰიგიენური პირობები, შემუშავებულია გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა კომპლექსი.

შესწავლილი იყო საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულ ქალთა ჯანმრთელობაზე პროფესიულ ფაქტორთა გავლენა და დასახულია მათი პროფილაქტიკის ღონისძიებები (ჯ. ციციშვილი, რ. კვერენჩხილაძე, რ. გოლოვნია). შემუშავებული იყო მოზარდთა შრომის რაციონალური ორგანიზაციის მეცნიერული საფუძვლები (ნ. როსტომბეკოვა, გ. პონარენკო, ა. აჯოე, თ. მშვილდაძე, ნ. გორგასლიძე, თ. ჯანელიძე).

შესწავლილი იყო საქართველოში ქიმიური მრეწველობის წამყვანი დარგების მუშათა შრომის ჰიგიენური პირობები: დარიშხანის (ვ. როყვა, ლ. ბაქრაძე) და ბარიტის (ვ. როყვა) წარმოება, სს მადნეული (ო. ჯანგავაძე, ალ. ჩიქოვანი), ქიმიურ_ფარმაცევტული წარმოება (ა. ჩიქოვანი), ნატრიუმის ციანიდის (რ. კვერენჩხილაძე, ი. ღვინერია) და კაპროლაქტამის (თ. ფირცხალავა) წარმოება. შესწავლილი იყო შრომის ფიზიოლოგიის პრობლემები საქართველოს ეროვნული მეურნეობის წამყვან საწარმოებში (ვ. მდინარაძე, ო. მაჩაბელი, გ. რასულზადე-კვანჭახაძე);

_საწარმოო მიკროკლიმატისა და მომუშავეთა სითბორეგულაციის საკითხები საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით (მ. ყურაშვილი, გ. სვანიშვილი, ს. თეთრაძე). საწარმოო აეროზოლების ლაბორატორია ჩამოყალიბდა 1963 წელს.

ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა სახეობის მტვრის ფიბროგენული თვისებების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების თავისებურებების დადგენა, მათი ზდკ-ის დასაბუთება სამუშაო ზონის ჰაერში და შესაბამისი ნორმატიულ - მეთოდური დოკუმენტების შემუშავება. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო პროფესორი გ. კვანჭახაძე, შემდგომ მედ. მეცნ. დოქტორი ლ. ქვარცხავა, მედ. მეცნ. დოქტორი ვ. როყვა.

ლაბორატორიის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პროფესორი რ. კვერენჩხილაძე, მედ. მეცნ. კანდ. თ. გელოვანი, მედ. მეცნ. კანდ. ნ. ცქიტიშვილი, მედ. მეცნ. კანდ. ი, ჩიქოვანი, დ. ჭოხონელიძე, ა. იაკობიძე, ნ. ლომაძე, ლ. ლომოური, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ა. ჩიქოვანი და ქ. ხვადაგიანი. 1943 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქიმიკოსთა ჯგუფი, რომელიც სამრეწველო-სანიტარიული ქიმიის საკითხებზე მუშაობდა. ჯგუფს 1943-1961 წლებში ხელმძღვანელობდა ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატი ქ. კეთილაძე.

სამრეწველო-სანიტარიული ქიმიის ლაბორატორია შეიქმნა 1973 წელს. ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო წარმოებებში ქიმიური ნივთიერებების სანიტარიულ-ქიმიური შეფასება, მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოკვლევის ახალი მეთოდების შემუშავება სამუშაო ზონის ჰაერში, მტვერში, კანის საფარველზე. 1973 წლიდან 1990 წლამდე ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატი ზ. ზირაქიშვილი. ლაბორატორიის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ: ლ. შალიბაშვილი, პ. ყურულაშვილი, ნ. გოგინაშვილი, თ. დათიაშვილი, თ, ფირცხალავა, თ. კახაძე. ამჟამად მუშაობას აგრძელებენ ბიოლოგიის დოქტორები მ. ქვათაძე და ნ. ტატალაშვილი და მეცნიერ- მუშაკი ნ. პატიაშვილი. შრომის ფიზიოლოგიისა და საწარმოო მიკროკლიმატის ლაბორატორია შეიქმნა 1956 წელს.

ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო საწარმოებში მიკროკლიმატური პირობების, ზონალური და დარგობრივი მიკროკლიმატის ნორმების დადგენა, შრომითი პროცესის სიმძიმის და დაძაბულობის ხარისხის შესწავლა, რაციონალური შრომის და დასვენების რეჟიმის ფიზიოლოგიური დასაბუთება. მას სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ მედ. მეცნ. კანდიდატები ვ. მდინარაძე, გ. სვანიშვილი, პროფესორი მ. ყურაშვილი, მედ. მეცნ. კანდ. გ. რასულზადე_კვანჭახაძე, ბიოლ. მეცნ. კანდ. ო. მაჩაბელი, მედ. მეცნ. კანდიდატები ა. მინდორაშვილი, მ. გიორგობიანი.
ლაბორატორიის მუშაობაში, წლების მანძილზე, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მ. რუსიძე, ნ. შახნაზაროვა, ნ. გიორგობიანი, ზ. ჩეჩელაშვილი, დ. ქართველიშვილი, გ. ყურაშვილი, ნ. რუხაძე, ნ. ჩიქობავა, ჟ. ზარქუა, ლ. ქოიავა, ქ. ხუროშვილი, ნ. ჩხეიძე, ნ. თოლორაია, თ. ცხადაძე, ლ. ლომთაძე, ი. ჯოლოხავა, დ. ნიორაძე, ბოლო წლებში საწარმოო სათავსების მიკროკლიმატის ჰიგიენურ შეფასებაში აქტიურად მონაწილეობს უფრ. მეცნ. მუშაკი მ. რიჟინაშვილი.

ფიზიკური ფაქტორების ლაბორატორია ჩამოყალიბდა 1973 წელს. Lლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, განათება) ჰიგიენური შეფასება საქართველოს ძირითად სამრეწველო საწარმოებში, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება. ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ა. დანდურაშვილი, შემდგომ გ. ყურულაშვილი.

ამჟამად განყოფილება ფუნქციონირებს, როგორც სამუშაო გარემოს რისკების კვლევის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს წამყვანი სპეციალისტი- ჰიგიენისტი მარინა არაბიძე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე