2014 წელში ჩატარებულ სამუშაოთა ანგარიში

შპს „საქნახშირის” (ჯი–აი–ჯი ჯგუფი)მუშათა შრომის პროცესში მოქმედი გარე ფაქტორების და მომუშავეთა შრომის პირობების შეფასება ჰიგიენური კრიტერიუმების მიხედვით ქვანახშირის შახტებსა და გამამდიდრებელ ფაბრიკაში მომუშავეთა შრომის რეალური პირობების დადგენის მიზნით, „პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესწავლილი იქნა სამუშაო გარემოსა და შრომის პროცესის მავნე რისკ–ფაქტორები: საწარმოო მტვერი, მავნე ქიმიური ნივთიერებები, საწარმოო მიკროკლიმატი, საწარმოო ხმაური, საწარმოო განათება, შრომის სიმძიმე და შრომის დაძაბულობა.
სამუშაო გარემოსა და შრომის პროცესის მავნე რისკ–ფაქტორების დონეთა ჰიგიენური შეფასების საფუძველზე დადგინდა მომუშავეთა შრომის პირობების რეალური მდგომარეობა. დადგენილ იქნა შრომის ჰიგიენური პირობების კლასები საქართველოში მოქმედი ჰიგიენური კლასიფიკაციის თანახმად. მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადდა დასკვნები მომუშავეთა შრომის პირობების მდგომარეობის შესახებ და შემუშავებულ იქნა შრომის პირობების გაჯანსაღება– გაუმჯობესების ღონისძიებები (რეკომენდაციები), რომლებიც გადაეცემა საწარმოს ადმინისტრაციას რეალიზაციისათვის. მომუშავეთა შრომის პირობები ჰიგიენურად შეფასდა, როგორც ცალკეული ფაქტორის (საწარმოო მტვერი, მავნე ქიმიური ნივთიერებები, მაწარმოო მიკროკლიმატი, ხმაური, განათება, სიმძიმე დაძაბულობა), ასევე მათი კომპლექსის (შერწყმით) მიხედვით.
დადგინდა შრომის პირობების საბოლოო კლასები, ცალკეული სამუშაო ადგილების – პროფესიებისათვის განისაზღვრა სავარაუდო პროფესიული რისკის ჯგუფები. მინდელის სახ. შახტის, შახტა უბნის, გამამდიდრებელი ფაბრიკის, ელ დეპოს, ზედაპირული კომპლექსის, ნახშირის ხარისხის ანალიზის ლაბორატორიის და მექანიკური სახელოსნოს მუშებზე ჩატარებულმა ქრონომეტრაჟულმა დაკვირვებით გამოვლენლ იქნა, რომ ადგილზე მომუშავე მუშა- მოსამსახურეების სამუშაო შრომატევადია. მუშაობისას უმეტეს დროს ფეხზე ატარებენ, უწევთ მხრის სარტყლის კუნთების რეგიონური დაძაბვა და სხეულის მდებარეობის ხშირი ცვლა, დაძაბულია ნერვული სისტემაც. რადგან მუშები მუშაობის პროცესში აკეთებენ ხანმოკლე პაუზებს, ცვლიან საწარმოო პროცესს, ამიტომ მოსალოდნელი არ არის მომსახურეთა შრომისუნარიანობის და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილებები. თუმცა სასურველია გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავება და პრაქტიკაში მათი რეალიზაცია. სავალდებულოა შრომის და დასვენების რაციონალური რეჟიმი, ფსიქოფიზიოლოგიური განტვირთვა, სპეციალური დასასვენებელი ოთახები მუშებისათვის და ვარჯიშების ჩატარება მათი განტვირთვის მიზნით.
შპს საქნახშირი ,,ჯი–აი–ჯი’’ ჯგუფის ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის შახტების მიწისქვეშ მომუშავეებს შორის ჩატარებულ იქნა აღწერილობითი ეპიდემიოლოგიური კვლევა ,,ინტერვიურირება-პირისპირ“ მეთოდით. აღნიშნული წარმოებაში რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგად მოპოვებული მასალის კომპიუტერული დამუშავების შემდგომ, მიღებულ იქნა სხვადასხვა მონაცემი სქესობრივი, ასაკობრივი, სტაჟობრივი ჯგუფების, შრომის ჰიგიენური პირობების მავნეობის კლასების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, საცხოვრებელი პირობების, ცხოვრების წესის მიხედვით. წინასწარ დადგენილ იქნა რესპონდენტთა რეპრეზენტატული რაოდენობა და შესაბამისად გამოკითხულ იქნა 764 (კაცი -98,17%; ქალი - 1,83%) რესპონდენტი. გამოვლინდა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 4,05% ავადობდა. მოავადეთა შორის ჭარბობდნენ მამაკაცები (96,77%) . 2014 წლის ნოემბერში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „საქნახშირის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს დასაქმებულებს შორის გაისინჯა 94 პირი. მათ ჩაუტარდათ ექიმ სპეციალისტების – თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი –კონსულტაციები; ეკგ და გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა; სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში შაქრის და პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა. გასინჯულთა შორის 56% (53) აღმოჩნდა პრაქტიკულად ჯანმრთელი, ხოლო 44% (41)–ს დაესვა სხვადასხვა დიაგნოზი.

საკონტაქტო ინფორმაცია

გორგასლის III ჩიხი 5
(032) 2 95 65 94
(+995) 577 76 76 59
(032) 2 95 99 66 (+995) 599 35 53 44

შემოგვიერთდით Facebook-ზე