2011 წელში ჩატარებულ სამუშაოთა ანგარიში

სახელმწიფო პროგრამის “პროფესიულ დაავადებათა პრევენცია” ფარგლებში 2011 წლის ფარგლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშათა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასების მიზნით #1 სილიკომანგანუმის წარმოების, ენერგომოწყობილობების შემკეთებელ საამქროებში, ჟანგბადის მიღების უბანში შესწავლილი იქნა საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ძირითადი ფაქტორები: სამუშაო ზონის ჰაერის დამტვერიანება და მავნე ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება, საწარმოო მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება), საწარმოო ხმაური (ბგერის დონე, ბგერითი წნევის დონეები, ბგერის ექვივალენტური დონეები), საწარმოო განათებულობა შრომის სიმძიმე და დაძაბულობა. აღნიშნული ფაქტორების დონეთა დადგენა განხორციელდა მოქმედი სტანდარტული მეთოდებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის_”შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაცია საწარმოო გარემოს ფაქტორებისა და სამუშაოს მავნეობისა და საშიშროების მიხედვით” ( ბრძანება 147/ნ საქ. საკანონმდებლო მაცნე 2007წ.#69) შესაბამისად, ასევე ჰიგიენური ნორმატივების გამოყენებით.
მომუშავეთა შრომის პირობები ჰიგიენურად შეფასდა, როგორც ცალკეული ფაქტორის (საწარმოო მტვერი, მავნე ქიმიური ნივთიერებები, მიკროკლიმატი, ხმაური, განათება, სიმძიმე, დაძაბულობა), ასევე მათი კომპლექსის (შერწყმით) მიხედვით. დადგინდა შრომის პირობების კლასები, ცალკეული სამუშაო ადგილების _ პროფესიებისათვის, განისაზღვრა სავარაუდო პროფესიული რისკის ჯგუფები. შესწავლილი 34 სამუშაო ადგილიდან ყველა საწარმოო გარემოს ფაქტორების შერწყმული მოქმედების მიხედვით მომუშავეთა შრომის პირობები, ჰიგიენური კლასიფიკაციის თანახმად, მიეკუთვნება მავნე მე_3 კლასს ხარისხით 1; 2; 3; 4 და საშიშ _ 4 კლასს. აქედან 3.3 კლასს მიეკუთვნება 6 სამუშაო ადგილი, 3.4 კლასს _ 8 და საშიშ 4 კლასს _ 8 სამუშაო ადგილი. შრომის პირობების მავნე და საშიში კლასების ფორმირების მიზეზების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ ძირითად საწარმოო მავნე ფაქტორს სილიკომანგანუმის წარმოების მოქმედი ტექნოლოგიისათვის წარმოადგენს მანგანუმის ნაერთების შემცველი მტვერი (კონდენსაციის და დეზინტეგრაციის აეროზოლები).
კვლევის ანალიზის შედეგად საწარმოს მიეცა შესაბამისი დასკვნები და გამაჯანსაღებელი რეკომენდაციები დაავადებათა მიზეზებისა და მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების გამოვლენის მიზნით, ,,ჯორჯიანმარგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, კერძოდ: #1, ენერგო-მოწყობილობათა, წიდის გადასამუშავებელ და ელექტრო-სარემონტო საამქროებსა და სამმართველო აპარატში მომუშავეთა შორის ჩატარებული იქნა ეპიდემიოლოგიური კვლევა - ინტერვიუირების-პირისპირ მეთოდით. პირველადი მასალის კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიიღებულ იქნა სხვადასხვა მონაცემი და მაჩვენებლები სქესობრივი, ასაკობრივი, სტაჟობრივი ჯგუფების, შრომის ჰიგიენური პირობების მავნეობის კლასების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, საცხოვრებელი პირობების, სპორტისადმი მიდრეკილების, ალკოჰოლის მიღების, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარების მიხედვით.
”ჯორჯიანმანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” ელექტროსარემონტო, ენერგომოწყობილობათა შემკეთებელ, წიდის გადამამუშავებელ და პირველ საამქროში კლინიკური კვლევების ჯგუფის მიერ ჩატარდა რეფერენს კვლევები მიზნობრივ ჯგუფებში- სულ 107 დასაქმებული., საიდანაც დაავადებული იყო 71 პირი, ხოლო 36 პირი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო. მუშათა რეფერენს-კვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ პათოლოგიებს შორის წამყვანი ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, შემდეგ კანის სხვადასხვა დაავადებებს (მიკოზები, ალერგიულ დერმატიტები და სხვა); გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის პრევალირებს ჰიპერტონული დაავადება და არასტაბილური სტენოკარდია, ნერვული სისტემის დაავადებებს შორის - ხერხემლის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, გავა-წელის ქრონიკული რადიკულიტი), (ეს დაავადებები, ძირითადად, აღინიშნება ასაკოვან პირებში). რაც შეეხება პროფესიულ დაავადებაზე საეჭვო ორ შემთხვევას (ნევრასთენია), ორივე აღენიშნებოდა დიდი სტაჟის (21 და 22 წელი) და მაღალი რისკის მქონე პროფესიის (მდნობელი) მუშას. ყველა ეს პირი საჭიროებს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამატებით კვლევებს და მონიტორინგს.

საკონტაქტო ინფორმაცია

გორგასლის III ჩიხი 5
(032) 2 95 65 94
(+995) 577 76 76 59
(032) 2 95 99 66 (+995) 599 35 53 44

შემოგვიერთდით Facebook-ზე